ჩოჩხათი
აქ, ყველაზე მაღალ მთაზე იყო ეკლესია, რომელშიც ესვენა ძვირფასი ქვებით და ოქროთი შემკული ღვთისმშობლის ხატი. ეკლესია თურქებს დაუნგრევიათ. ხატი დაუმალავთ და უფრო დაბალ მთაზე აგებულ ეკლესიაში შეუსვენებიათ. შემდგომი ლაშქრობის დროს ეს ეკლესიაც დაუნგრევია მტერს. ხატი ამჯერადაც გადამალეს და გასული საუკუნის შუა წლებამდე იყო თურმე ღვედის ეკლესიაში. ღვედის ეკლესია სიძველის გამო დაინგრა, ხატი კი სად გაუჩინარდა, არავინ იცის. ამიტომ უწოდეს ამ ხატს მჩოჩავი ხატი. სოფელსაც ეს სახელწოდება ჰქონია,მაგრამ თანდათანობით იგი დღევანდელ ფორმამდე დასულა: მჩოჩავი ხატი - ჩოჩხატი - ჩოჩხათი.

ასეთი მშვენიერი გადმოცემა შემოგვინახეს ჩოჩხათელმა გუჯაბიძეებმა ჩვენი სოფლის ტოპონიმის შესახებ.

ჩოჩხათი გურიის მთიანი სოფელია. იგი მდებარეობს გურიის ქედის მთისწინეთში, მდინარე შუთის (სუფსის სისტემა) ნაპირას,ზღვის დონიდან 130 მეტრზე. ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია პირველი საუკუნიდან.
ჩოჩხათის საკრებულოში შედის სოფლები:

ჩოჩხათი

გულიანი – ამ სოფელში ერთ-ერთ მთას გულის ფორმა ჰქონია.

კოკათი – სოფელში, როცა საყდარს აშენებდნენ, ერთ გლეხს დაავალეს აზნაურებმა კოშკის ძირიდან, სადაც ამჟამად საგირგოლო ღელე ჩამოდის, წყალი კოკით ამოეტანა და თან ეთვალა, რამდენ ხანში ამოვიდოდა მშენებარე ეკლესიამდე. გლეხს წყლით სავსე კოკა მხარზე შემოუდგამს და თვლა დაუწყია: კოკ-ერთი, კოკ-ორი, კოკ-სამი . . . კოკ-ათი. ამ დროს წაქცეულა და კიდეც მომკვდარა.

მოედანი– ძველად აქ კათოლიკე მისიონერებს ხეხილის ბაღები ჰქონდათ გაშენებული. მოგვიანებით აქ რელიგიური დღესასწაული - “ ღვთისმშობლობა” და ბაზრობა იმართებოდა. გასაყიდად გამოჰქონდათ ჭურები, კალათები, დანები და სოფლის მეურნეობის პროდუქტები.

შრომისუბანი – ასე უწოდეს საბჭოთა ხელისუფლების დროს სოფლის დაბლობ ნაწილს – შუთის პირს. სოფლის ცენტრალურ ნაწილს აქაური მცხოვრებნი ოკვანეს ეძახიან, აქ ჩამომდინარე მდინარის სახელწოდების მიხედვით.

ხორეთი – იგივე “ყორეთი’’ (ყორე - ქვისაგან ნაგები ღობე). ყორეებიანი ღობეები ახლაცაა ამ სოფელში.

ჯიხანჯირი–მეგრულად ჯიხა - ციხე, ჯირი - ძირი. აქ კლდეზე მდგარი ციხე -კოშკის ნაშთი დღემდეა შემორჩენილი
ჩოჩხათში მრავლადაა შემონახული ისტორიული ძეგლების ნაშთები.
ჯიხანჯირისა და მოედნის ეკლესიები 1921 წელს დაუნგრევიათ.
“ნასტეფნარი “მაღალი გორაკია, რომელიც სოფელს აღმოსავლეთის მხრიდან გადასცქერის. მისი მწვერვალიდან კარგად მოსჩანს კოლხეთის დაბლობის უმეტესი ნაწილი. ნასტეფნარის აღმოსავლეთით მდებარეობს "გორგოშაულის “ ნაციხვარი.
მეორე, “კიბულაის “ ნაციხვარი უფრო დიდია და შთამბეჭდავი. იგი შორიდანაც კარგად მოჩანს. ნაციხვარის ცენტრალურ ნაწილში პატარა ტბაა. იგი სიმაგრის წყლის რეზერვუარად შეიძლება მივიჩნიოთ.
არქეოლოგიური დაზვერვებისას სამივე გორაკზე აღმოჩნდა ჩამოქცეული კედლის და დუღაბის გროვები, წითელკეციანი დიდი და მცირე კერამიკული ჭურჭლის სხვადასხვა სახით შემკული ფრაგმენტები.
1977 წლის შემოდგომაზე სოფ. ჯიხანჯირის მკვიდრმა მეხუთეკლასელმა გოდერძი გურგენაძემ (ამჟამად შრომისუბნის ცხრაწლიანი სკოლის დირექტორი) “ნასტეფნარის “ გორაზე იპოვა ოსმალური ვერცხლის მონეტები.

მოგვიანებით ამ თემას გოდერძიმ სერიოზული ნაშრომი მიუძღვნა. დღეისათვის განძი შედგება 334 ვერცხლის თურქული მონეტისაგან - ახჩისგან, რომელიც მე-16 საუკუნეს განეკუთვნება. იგი დაცულია აკად. ს. ჯანაშიას სახ. სახელმწიფო მუზეუმ ში. მონეტებიდან ადრეული თარიღდება ჰიჯრის 886 წლით და ეკუთვნის თურქეთის სულთან ბაიზედ მეორეს, გვიანდელი კი ჰიჯრის 1903 წელი და ეკუთვნის მეჰმედ მესამეს.

ყველაზე დიდია მესამე გამოქვაბული. იგი გარედან ძნელად შესამჩნევია მცენარეთა საფარის გამო. სიღრმეში იდგა მრგვალი ტრაპეზი, რაც ბერებისთვის საკურთხეველს წარმოადგენდა. იქ აღმოჩენილი ქვითკირის ნამტვრევები ადასტურებენ, რომ გამოქვაბული ორი ნაწილისგან –სამლოცველოსა და მლოცველთა მოსაცდელისგან - შედგებოდა. საყურადღებოა შესასვლელიდან მარჯვნივ მარმარილოს საფლავი: განით 140 სმ, სიგრძით 130 სმ. გამოქვაბულიდან ნათლად ჩანს გურიის წარმტაცი ბუნება, მშვიდი და დინჯი მდინარე სუფსა, შორს კი დაბა სუფსის ხედი.

აქედან ერთი კმ-ის მანძილზე კოკათის გამოქვაბულია, მთის ძირიდან 150 მეტრის სიმაღლეზე. მისი შესასვლელის სიმაღლეა 90 სმ, უდიდესი სიგანე 4,1 მეტრი, სიღრმე 4,7 მეტრი. მარცხენა მხრიდან გამოქვაბულისკენ მიდის პატარა ბილიკი. შორიახლოს წყაროს წყალია. გამოქვაბულში ნაპოვნია თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, ნახშირი, კეცის ნატეხი. გამოქვაბულში ასვლა დღეს შეუძლებელია.

ჩოჩხათი ცნობილია რამდენიმე მნიშვნელოვანი - ხორეთისა და კოკათის გამოქვაბულით. ისინი ზღვის დონიდან 230 მეტრ სიმაღლეზეა, ასვლა შეიძლება ბილიკის საშუალებით - 90 გრადუსი კუთხის კლდეზე მიმავალი საცალფეხო გზით.

ხორეთის გამოქვაბულებიდან ერთ - ერთი ბერების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენდა. აქ არის მაგიდა სამი მხრიდან საჯდომით და ბუხარი ნაცეცხლარის კვალით.

მცირე გამოქვაბული სადარაჯოს წარმოადგენდა. მტრის შემოსევისას აქ თავს აფარებდნენ ქალები, ბავშვები და მოხუცები.

ჩოჩხათის საზოგადოებას აქვს სიგრძე 25 ვერსი და სიგანე არა ნაკლებ 20 ვერსისა. მთელი მისი სივრცე აღემატება 23 ათას ოთხკუთხედ დესეტინას. მოედანში აღმოჩენილია ნაქალაქარი უძველესი ქვაფენილით, წყალგაყვანილობის მილებითა და აბანოს ნაშთებით.

ამ ცნობებს გვაწვდიან ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნინოშვილში მდებარე ეგ. ნინოშვილის სახლ-მუზეუმში დაცული დოკუმენტები.

დღეს ჩოჩხათის თემში 1057 კომლია. აქ 3200 ადამიანი ცხოვრობს. ჩოჩხათის ტერიტორია 3056 ჰექტარს მოიცავს. ჩოჩხათელები განთქმულნი არიან შრომისმოყვარეობით, გონიერებით, ნიჭიერებით, იუმორით.

ჩოჩხათის ტერიტორია 3056 ჰექტარს მოიცავს. ჩოჩხათელები განთქმულნი არიან შრომისმოყვარეობით, გონიერებით, ნიჭიერებით, იუმორით. ჩოჩხათი ცნობილია იმითაც, რომ აქ 1879—1885 წლებში მასწავლებლობდა ქართული ლიტერატურის კლასიკოსი ეგნატე ნინოშვილი. ეს პირველი სკოლა ყოფილა ლანჩხუთის რაიონის ტერიტორიაზე.
აქ ჯერ იყო ერთი, შემდეგ ორი, შემდეგ კი - სამი კლასი. 1886 წელს ჩოჩხათის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა ვინმე სიმონ ჭუმბურიძე. მას შემდეგ სხვადასხვა წლებში და დღემდე სკოლას ხელმძღვანელობდნენ ლეო რუსიძე, არტემ კალანდარიშვილი, ნიკო ანდღულაძე, ელისე ჯიჯიეშვილი, ვარლამ ურატაძე, შოთა გოგოლაძე, იაშა ჯიჯიეშვილი, ვასილ კეჟევაძე, მიხეილ ბზეკალავა, გრიგოლ კვაჭაძე, მიხეილ აფხაზავა, ელისე გუჯაბიძე, მამია გოგელია, ალექსანდრე ნაკაიძე, ალექსანდრე სტურუა, ბადრი წითლიძე, გულნაზ კომახიძე, დალი კვერენჩხილაძე.

1925 წელს ჩოჩხათის სკოლა გადაკეთდა 7-კლასიან შრომის სკოლად. 1938 წლიდან დაფუძნდა ჩოჩხათის საშუალო სკოლა.

სკოლის ისტორიას ზურგს უმაგრებენ არა მარტო ხელმძღვანელები, არამედ აქ აღზრდილი მოსწავლეები. ისინი თავიანთი მხრებით, საქმითა თუ კაზმული სიტყვით დაატარებენ ამ დუნიაზე მშობლიურ სოფელს, მშობლიურ სკოლას. “ყველა გზა ბავ შვობიდან , სკოლიდან იწყება. თქვენც ასულიყავით საკუთარ “ევერესტებზე”, ჩემო მეზობელო და საყვარელო ჩოჩხათელო ბავშვებო”, - ამბობს ევერესტის დამპყრობი, “თოვლის ჯიქად “ წოდებული ჩოჩხათელი ბიძინა გუჯაბიძე. (ჩოჩხათის სკოლა დაამთავრა 1977 წელს). მან 1999 წლის 12 მაისს დილის 10 საათსა და 30 წუთზე მსოფლიოს უმაღლეს მწვერვალზე აიტანა ჩოჩხათის სუნთქვაშერეული საქართველოს სუნთქვა.

გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, გეოგრაფიის ინსტიტუტეს დირექტორის 1979-1991 წლებში რომან კვერენჩხილაძის (ჩოჩხათის საშუალო სკოლა დაამთავრა 1951 წელს) ნაშრომები გამოქვეყნდა ამერიკაში, ჩინეთში, ინდოეთში, ჩეხოსლოვაკიაში, ბულგარეთში, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. იგი მრავალი საენციკლოპედიო სტატიის ავტორია. იყო აკად. ჯავახიშვილის სახელობის და საქართველოს სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. მისი თანაავტორობით შექმნილი სახელმძღვანელოები წლების მანძილზე ჩვენს სკოლაშიც ისწავლებოდა საქართველოს გეოგრაფია.

“როცა მეტი სიმტკიცე მჭირდება, საქართველოს კლდეებს შევხედავ; როცა მსურს სიდინჯე განვიმტკიცო, ჩვენს ქედებსა და მთაგრეხილებს მივაპყრობ მზერას; მუხლები რომ არ მომიდუნდეს, მწვერვალებისაკენ მივუყვები შეღმართებს; როცა იმედი და მხნეობა შემომაკლდება, მთათა თხემებს თვალს გავუსწორებ და იმედიც ჩნდება, სიმხნევეც მემატება . . . “ “უსაზღვროდ გაშლილი შავი ზღვიდან აქ ნიავი აღწევდა და ხორეთლები კურორტად თვლიდნენ “ქედს” – ასე ვუწოდებდით სერს, საიდანაც მოწმენდილ ამინდში, მართალია ბუნდოვნად, მაგრამ ქალაქები ფოთი და ბათუმიც კი მოჩანდა.” - ასე იხსენებს მშობლიურ სოფელს საკუთარ წიგნში “რეპრესირებული ოჯახის ისტორია” მწერალი რევაზ კვერენჩხილაძე. (ჩოჩხათის საშუალო სკოლა დაამთავრა 1947 წელს).

ასე თბილად შემორჩენილა მშობლიური სოფლის პეიზაჟები აქაურთა მეხსიერებაში. მაგრამ რას დაიტევს ამ სიყვარულს მხოლოდ აქაურთა გულები. დანაშაულია მთელმა დუნიამ არ იხილოს ეს მშვენიერება, ალბათ ასე ფიქრობდა და ამიტომაც საქართველოს სხვადასხვა კუთხეების პეიზაჟებთან ერთად გურიისა და მშობლიური ხორეთის ხედები მოატარა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში 30-ზე მეტ საერთაშორისო ფოტოგამოფენებზე პროფესიით ფილოსოფოსმა, 1990 წლიდან პროფესიონალმა ფოტოგრაფმა, საქართველოს ფოტოხელოვანთა კავშირის, ფოტოგრაფიის საერთაშორისო ფედერაციის წევრმა გია ჩხატარაშვილმა (ჩოჩხათის საშუალო სკოლა დაამთავრა 1976 წელს), რომლის ნამუშევრები ინახება ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების კერძო კოლექციებში.

საკუთარ სკოლასა და მშობლიურ სოფელზე შეყვარებულმა ჯუმბერ გუჯაბიძემ (ჩოჩხათის საშუალო სკოლა დაამთავრა 1970 წელს) მშობლიურ ხორეთში ააშენა ღვთისმშობლის ხარების ეკლესია, სადაც დღეს წირვა –ლოცვა აღესრულება.

ჩვენი სკოლის აღზრდილია რევაზ კვერენჩხილაძე, საქართველოს პროფილაქტიკურ მეცნიერებათა აკადემიკოსი და მისი აღმასრულებელი მდივანი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ბიუროს ექსპერტი შრომის მედიცინის დარგში, სამეცნიერო ხარისხის მიმნიჭებელი ორი სამეცნიერო საბჭოს წევრი (ჩოჩხათის საშუალო სკოლა დაამთავრა 1965 წელს ოქროს მედალზე).

. . . დღეს მდიდარი ტრადიციების მქონე ჩოჩხათის საჯარო სკოლა ითავისებს განათლების სისტემაში მიმდინარე მასშტაბურ ცვლილებებებს და ცდილობს მოსწავლისათვის უკეთესი განათლების მიცემას.