ა წ ყ უ რ ი ს    ი ს ტ ო რ ი ა

სოფელი აწყური მდებარეობს ახმეტის რაიონში. ამ სოფლის სოფლის წარმოშობაზე არსებობს ორი ლეგენდა:

სოფელში უკეთებიათ თიხის ჭურჭელი. ერთ იმერელს სურვილი ჰქონია ენახა ჭურჭლის კეთება და მოსულა ამ სოფელში, როდესაც ჭურჭელი გაუკეთებიათ და მას ყურის გაკეთებაღა სდომებია იმერელს უთქვამს: "აწი ყურიც გაუკეთეთ და ჭურჭელი მზად იქნებაო." მას შემდეგ ამ სოფელს აწყური დაერქვა.

მეორე ლეგენდა ამ სოფლის სახელის დარქმევისა შემდეგია: ერთ კაცს ამ სოფელში თურმე ასო-ასო კუწავდნენ და ეთქვა: "აწი ყურიც მომაჭერითო".

აწყურს აღმოსავლეთით ესაზღვრება თელავის რაიონის სოფელი იყალთო, დასავლეთით ესაზღვრება სოფელი ზემო ხოდაშენი, ჩრდილოეთით გადასცქერის კავკასიონის ქედს, სამხრეთით კი ესაზღვრება ცივ-გომბორის ქედი.

სოფლის მთელი ფართობი სავარგულების გარეშე 1.2 კვადრატულ კილომეტრს უდრის, მოსახლეობა კი - 799 კაცია.

აწყურის სოფლის რელიეფი მთაგორიანია, აწყურის სამხრეთით მაღალ გორაზე დგას თეთრი გიორგის მონასტერი, რომელიც მე-14 საუკუნეშია აშენებული. სოფელი მდიდარია სხვა ისტორიული ძეგლებითაც, ღვთისმშობლის ეკლესია, თევდორე, წამებული, წმინდა მარიამი, ლუკას ციხე. ამათგან ღვთისმშობლის ეკლესია და თევდორე აღდგენილია. სოფლის ჩრდილოეთით გადის მოასფალტებული რაიონული გზა.

აწყური მდიდარია წყაროს წყლებით. სამხრეთ მხარეზე, სოფლის შუა ადგილზე არის ორი ხევი, რომელნიც გამოედინებიან ცივ-გომბორის მთაგრეხილებიდან და მოედინებიან შუა სოფელზე. სამხრეთ-დასავლეთიდან მომავალ ხევს ეწოდება "ბერხევა", ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მომავალ ხევს ეწოდება "შამრელაანთ ხევი". სამხრეთ-დასავლეთიდან მომავალი ხევი ძლიერ ადიდდებოდა ხოლმე. ძველად მის გვერდით უცხოვრია თავად პატიკო სულხანიშვილს. თავადი რომ შეწუხდა წყლისგან, რომელიც სახლში უვარდებოდა, აყრილა იმ ადგილიდან და დასახლებულა სხვა ადგილზე "ბერხევას" ამიტომ "პატიკოანთ ხევს" უწოდებენ. ასეთივე ლეგენდაა სამხრეთ-აღმოსავლეთიდან მომავალი ხევის სახელწოდებაზე, რომელსაც "შამრელაანთ ხევი" ჰქვია.

ხევებმა იცის ძლიერი წყალ-მოვარდნა როგორც გაზაფხულზე თოვლის დნობის და თავსხმა წვიმების დროს, ასევე შემოდგომაზეც თავსხმა წვიმების დროს. ხევის წყლები ჩააგდო ერთ კალაპოტში ალაზანმშენმა. სოფელს არავითარ საშიშ მდგომარეობას აღარ უქმნის წყლის მოვარდნა, რადგან 1969 წელს სოფელში გაიარა სარწყავმა არხმა.

ცხრაასიან წლებში სოფელ აწყურში მხოლოდ 30 კომლი ყოფილა. აქ უცხოვრიათ ისტორიულად ცნობილ თავადიშვილებს: სულხანიშვილებს, ამილახვრებს და სხვა.

მეფის ხელისუფლების დროს აწყურის გლეხობა ღარიბ-ღატაკ მდგომარეეობაში ყოფილა, რადგან მიწები არ ჰქონიათ და თავადების მამულებზე ყოფილან მიჯაჭვულნი. ამ პერიოდში ძირითადად მემინდვრეობა და მესაქონლეობა ყოფილა განვითარებული.

აწყურის მოსახლეობა მოკლებული იყო კულტურას და სწავლა-განათლებას. ძველად აქ გამეფებული ყოფილა საეკლესიო დღესასწაულები <თეთრი გიორგობა>, რომლის დღეობაც <მარიამობაა>. <მარიამობა> სოფლის გარეთ გასცდა და მთელი კახეთის მოსახლეობა აღნიშნავს 28 აგვისტოს.

თავად-აზნაურობისაგან პროგრესულად განწყობილ პირებს უთავნიათ სოფლის სკოლის დაარსებაზე და 1887 წელს გახსნილა სასოფლო დაწყებითი განათლების სკოლა, რომელიც ჯერ კიდევ სულხანიშვილების ბინაზე ყოფილა. მისი პირველი გამგე-მასწავლებელი ყოფილა თაფლო სვიმონიშვილი. მისი ხელმძღვანელობით შეუგროვებიათ ფული და აუგიათ სკოლისათვის ბინა, რომელიც 1889 წელს გადასცემია სკოლას.

ამ სკოლისადმი ზედამხედველობა და ხარჯები უწარმოებია თელავის სასულიერო სასწავლებელს. პროგრესულად განწყობილი თავად-აზნაურთაგან ცნობილნი არიან კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი, დრამატურგი და მსახიობი დათიკო გამყრელიძე და მისი ძმა ვიქტორ გამყრელიძე, რომელთაც დიდი წვრილი შეიტანეს თელავის თეატრის დაარსებაში. აწყურელია ალექსანდრე სულხანიშვილიც, რომელიც ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი და მისი მარჯვენა ხელი იყო.

თეთრი გიორგის მონასტერში უმოღვაწნია კირილე ბერს, რომელსაც ფული შეუგროვებია ხალხში და წყაროების გამოყვანაზე შრომა გაუწევია.

1924 წელს სოფელში დაარსდა სასოფლო-სამეურნეო საკრედიტო ამხანაგობა, რომელმაც ერთი წელი იარსება.

1929 წელს სოფელში ჩამოყალიბდა კოლმეურნეობა, რომლის პირველი თავმჯდომარე იყო იოსებ პატარქალიშვილი.

კოლმეურნეებს მოჰყავდათ ყურძენი, ბოსტნეული და ხილი. აშენებდნენ მსხვილფეხა პირუტყვს.

დღეს მართალია აღარ არის მეურნეობა, მაგრამ სოფლის მოსახლეობა კვლავაც შრომობს მინდვრებსა და ვენახებში. აქ ერთმანეთის გვერდით შრომობენ: ქართველები, რუსები, ოსები და ქისტები. სოფელში მოსახლეობა ყველაზე მჭიდროდაა დასახლებული სამხრეთ-დასავლეთ მხარეზე.

აწყურში გვაქვს საშუალო სკოლა, საბავშვო ბაღი, ბიბლიოთეკა და სამედიცინო პუნქტი.

სოფლის მდიდარ ბუნებას ხელს უწყობს მთის კლიმატი. სოფელი გაშენებულია ცივ-გომბორის მთის კალთების ძირას და გასცქერის კავკასიონის მთაგრეხილებს, რომელნიც თოვლით შემოსილი მდიდრულად იცქირებიან. აწყურის ჩრდილოეთით კახეთის საუნჯე, ალაზნის ველია, სადაც საქართველოს ყველაზე გრძელი მდინარე -ალაზანი დედაბერივით ბუტბუტებს.

ჩვენ ძალიან გვიყვარს ჩვენი სოფელი-აწყური. მისი დაარსების შესახებ არსებული ლეგენდებიდან კი პირველი ლეგენდის უფრო გვჯერა, რადგან აწყურში დღესაც ცხოვრობს თიხის ოსტატი რამაზ გახუტიშვილი, რომელიც მშვენიერ თიხის: ყურიან თუ უყურო ჭურჭელს ამზადებს.

აქ ჩამობრძანებულ სტუმრებს ჩვენებური ყმაწვილები სწორედ ასეთი ჭურჭლით მიართმევენ ხოლმე მშვენიერ კახურ ღვინოს ან წყაროს ცივ წყალს.

სოფლის ისტორიაზე იმუშავეს:
ა.გიგაურმა
ლ.გიგაურმა
ს.გიგაურმა
უ.გოგიჩაძემ
მ.მეზვრიშვილმა
ა.ჯავახიშვილმა